განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმში რუსული სკოლის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისთვის არავის მოუმართავს
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმში რუსული სკოლის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ცენტრისთვის არავის მოუმართავს

იმისათვის, რომ სკოლამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სტატუსი მოიპოვოს, მან უნდა მომართოს სამინისტროს და გაიაროს ავტორიზაცია, რაც ბუნებაში არ მომხდარა, – განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბათუმში რუსული სკოლის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.

„იმისათვის, რომ დაწესებულებამ მოიპოვოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სტატუსი, უნდა გაიაროს ავტორიზაციის პროცედურა. ავტორიზაციის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

ქ. ბათუმში რუსული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით არც საავტორიზაციო განაცხადით და ასევე, არც კონსულტაციის თაობაზე არ მოუმართავთ დაინტერესებულ პირებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის“ – განაცხადეს სამინისტროში.