განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა განათლების რეფორმის განხორციელების გეგმები სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს გააცნეს 
განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა განათლების რეფორმის განხორციელების გეგმები სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს გააცნეს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ მათ რეფორმის მიმდინარეობის პროცესი გააცნო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლის ადმინისტრაციის როლის გაძლიერებას, მოსწავლეთა დასწრების აუცილებლობას, მშობელთა ჩართულობას და გამოცდების გაუქმების ფონზე მოსწავლეთა შეფასების სისტემის დახვეწის აუცილებლობას.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც სკოლის დირექტორებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს და ისაუბრეს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლები წლების განმავლობაში. მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო სკოლის აუცილებლობაზე, მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდასა და მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების საჭიროებაზე.

„სკოლების დირექტორებთან განვიხილეთ ყველა დეტალი, რომელიც თან სდევს რეფორმის განხორციელების პროცესს. მათ ღიად და გახსნილად ისაუბრეს სკოლებში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე. ასეთი შეხვედრები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან ჩვენ მხოლოდ მსგავსი კონსულტაციების საფუძველზე დავგეგმავთ იმ ცვლილებებს, რომლებიც განათლების რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე განხორციელდება“ – განაცხადა ირინა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილის მხრიდან სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, მუდმივ კოორდინაციაში იყვნენ მშობლებთან და დროულად მიაწოდონ ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ანალოგიური შეხვედრები როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე გაგრძელდება.