განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი - სიცრუეა, თითქოს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით წერილი ანონიმური იყო და დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი - სიცრუეა, თითქოს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით წერილი ანონიმური იყო და დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

განათლების კომიტეტზე მინისტრის მისვლის საკითხი დღის წესრიგში დღეს დადგა და მიხეილ ბატიაშვილი, რა თქმა უნდა, დაესწრება კომიტეტის სხდომას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა გიორგი ქოჩიშვილმა განაცხადა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე დღეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში უნდა მოესმინათ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს, რომ სხდომას მინისტრი არ დაესწრო და აღნიშნეს, რომ  ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეზე პასუხისმგებლობა მიხეილ ბატიაშვილს ეკისრება.

როგორც გიორგი ქოჩიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, განათლების სამინისტრო მზად არის, ზუგდიდში მომხდართან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს საქმის საფუძვლიანი შესწავლა.

თუმცა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის უფროსი აქვე აცხადებს, რომ კატეგორიულად დაუშვებლად დაუშვებლად მიაჩნიათ სასწავლო დაწესებულებების პოლიტიზება და მათი პოლიტიკური სპეკულაციების საგნად გადაქცევა.

„დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა იგეგმებოდა, რის შესახებაც დეპუტატებისთვის ცნობილი იყო წინასწარ. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წევრებმა არ ისურვეს ჩვენი ანგარიშისა და კონკრეტული შინაარსობრივი დეტალების მოსმენა, მათ შორის არც ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ჩატარებული შესწავლის შედეგებზე, შესაბამისად, ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღების ნაცვლად, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდათ“, – განაცხადა გიორგი ქოჩიშვილმა.

მისი განმარტებით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ზუგდიდის მე-6 სკოლაში მოკვლევა მოქალაქის წერილის საფუძველზე დაიწყო. როგორც ქოჩიშვილმა აღნიშნა, სამინისტროში შემოსულ წერილში მითითებული იყო ისეთი საკითხები, რომელიც საჭიროებდა სწრაფ რეაგირებას.

„საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და გარკვეული დეტალები ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ინსპექტირების ჩატარების მიზეზებსა და შედეგებზე. ასევე სკოლაში არსებული მდგომარეობის ამსახველი მასალა. განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მოქალაქის წერილის საფუძველზე. სამინისტროში შემოსულ წერილში მითითებული იყო ისეთი საკითხები, რომელიც საჭიროებდა დროში სწრაფ რეაგირებას, ქონების უკანონო განკარგვა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევა, მოსწავლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და სხვა. შესაბამისად, შემოსული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შესწავლის არდაწყება სამინისტროს მხრიდან იქნებოდა კანონდარღვევა. ეს პრობლემები სკოლის ადმინისტრაციამაც აღიარა და მათი მოგვარებისთვის მუშაობა დაიწყო. მათი დიდი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია“, – განაცხადა განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა.

გიორგი ქოჩიშვილის თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამასთან, როგორც ქოჩიშვილმა აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლასთან დაკავშირებული წერილი ანონიმური იყო.

„რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, არის მიზანმიმართული სიცრუე. დირექტორი თანამდებობიდან არ გათავისუფლდა არც მინისტრის და არც სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს წერილი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით იყო ანონიმური.

რაც შეეხება სტატისტიკას, სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას. მხოლოდ 2018 წელს დაიწერა 101 დასკვნა. გაფრთხილება მიეცა 49 სკოლას და გათავისუფლდა 8 სკოლის დირექტორი. სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 22 კანონდარღვევის საქმე“, – განაცხადა ქოჩიშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის N6 სკოლაში ინსპექტირების შედეგად ამ ეტაპზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.