განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო
განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ერთთვიანი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს.

პროექტი „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (PSD TVET SC) პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. საინფორმაციო შეხვედრები 10 სხვადასხვა ქალაქში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართება, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულაძე წარუძღვებიან.

კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ გაიმართა და მასში მორაგბეეთან ერთად, მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ და სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, იოჰანეს შრტიტმატერმა მიიღეს.

„დღეს ოფიციალურად დავიწყეთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია, რომლის ფარგლებშიც გვინდა კერძო სექტორი, მოქმედი თუ მომავალი სტუდენტები დავარწმუნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ბევრი ვეტერინარი, აგრონომი, მეღვინე, მშენებელი თუ სხვა პროფესიების წარმომადგენლები, ამ შესაძლებლობას კი, სწორედ პროფესიული განათლება სთავაზობს მსურველებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.

იოჰანეს სტრიტმატერის თქმით, ქართველ ახალგაზრდებს შეუძლიათ არჩევანი სხვადასხვა თანამედროვე პროფესიებზე შეაჩერონ.

ახალგაზრდები მათი პროფესიული ცხოვრებისთვის აუცილებელ ცოდნასა და კომპეტენციას სადიპლომო პროგრამების საშუალებით განივითარებენ, ხოლო ისინი, ვისაც დუალურ პროგრამაში მონაწილეობის ბედნიერება ხვდება წილად, არა მხოლოდ საჭირო უნარებს შეიძენენ, არამედ მომავალ დამსაქმებელსაც გაიცნობენ.

ორგანიზატორების განმარტებით, კამპანიის ფარგლებში, პოპულარულ სპორტსმენებთან შეხვედრა, საკუთარი წარმატებული ისტორიების გაზიარება და მათი მხრიდან, პროფესიებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა, დამატებითი სტიმული იქნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა გეგმავენ საკუთარი მომავლის დაგეგმვას.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.