განათლების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პროფესიული უნარების სააგენტო დააფუძნეს
განათლების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პროფესიული უნარების სააგენტო დააფუძნეს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ერთობლივად დააფუძნეს.

უწყების ცნობით, უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორად ხუთი წლის ვადით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი აირჩიეს.

„ამიერიდან, პროფესიული განათლების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო და კერძო სექტორი გაინაწილებს. საჯარო-კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებულმა საბჭომ უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორად ხუთი წლის ვადით აირჩია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის პროფესიული განათლების რეფორმის განხორციელებაში. ქიტიაშვილი 2021 წლის აპრილიდან, სააგენტოს განვითარების საწყის ეტაპზე, მინისტრის მოადგილის თანამდებობასთან ერთად ითავსებდა სააგენტოს დირექტორის ფუნქციებს.

2022 წლიდან აქტიურ ფაზაში გადადის პროფესიული უნარების სააგენტოს ფუნქციონირება, რაც საჭიროებს როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა რესურსის მობილიზებასა და პროფესიონალთა გუნდის ფორმირებას.

თამარ ქიტიაშვილი მინისტრის მოადგილის პოზიციას დატოვებს და პროფესიული განათლების რეფორმის მასშტაბის, ასევე სფეროს მართვის ახალი მოდელის გათვალისწინებით, სააგენტოს გაუძღვება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე იქნება, რომელიც ამავდროულად პროფესიული განათლების მიმართულების კურატორის ფუნქციასაც შეითავსებს“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.