განათლების სამინისტრო წითელას გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებულ მთავრობის განკარგულებას განმარტავს
განათლების სამინისტრო წითელას გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებულ მთავრობის განკარგულებას განმარტავს

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ხუციშვილი წითელას გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებულ მთავრობის განკარგულებას განმარტავს.

მისი თქმით, დოკუმენტის საფუძველზე აუცრელი ბავშვების, მოსწავლეებისა და სტუდენტების გარიცხვა არ იგეგმება.

„განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლოა განიხილოს ბენეფიციარის სტატუსის შეჩერების საკითხი. ბენეფიციარი ორი თვის განმავლობაში თუ არ წარადგენს ცნობას აცრის შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულებას მხოლოდ განხილვის ვალდებულება აქვს. რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, დაგეგმილი გვაქვს სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდება. არც ერთი პირის განათლების უფლება არ შეიზღუდება იმ მიზეზით, რომ მას აცრა არ აქვს გაკეთებული. საჭიროა, ცნობიერების ამაღლება, რათა ყველამ გაიგოს, რომ აუცრელობის გამო შეიძლება ზიანი მიადგეს როგორც აუცრელ ადამიანს, ისე მის გარშემო მყოფებს. ტერმინი „სტატუსის გადახედვის“ დასაზუსტებლად ვიკრიბებით ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში, რის შემდეგაც აღსრულების მექანიზმის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.