განათლების სამინისტრო - სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა პროცესი კონტროლს ექვემდებარება
განათლების სამინისტრო - სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა პროცესი კონტროლს ექვემდებარება

ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში არსებულ ვითარებაზეც აისახა, თუმცა მაქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3 პროცენტსა და მოსწავლეთა 0,1 პროცენტს დაუდასტურდა.

„მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება.

ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 133 პედაგოგი იმყოფება“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სკოლებში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში, როგორც წესი, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით მოქმედებენ.

„მიმდინარე სტატისტიკიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტრო კვლავ მოუწოდებს საზოგადოებას, ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები, რათა მოსწავლეებმა სემესტრი სკოლის შენობაში დაასრულონ“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი