განათლების სამინისტრო - საგამოცდო ცენტრები ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია
განათლების სამინისტრო - საგამოცდო ცენტრები ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროს სოფო გორგოძესთან ერთად, გამოცდების დაწყებამდე 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ვიზიტის ფარგლებში ცენტრი მედიის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. მათ შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე გაცნობოდნენ, თუ როგორ იქნება მოწყობილი საგამოცდო სექტორები 2021 წლის გამოცდებისთვის და რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ როგორც გამოსაცდელებს, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართულ პირებს.

მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, საგამოცდო ცენტრებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაცია და ცენტრები აბიტურიენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. მისი თქმით, წელს კორონავირუსით ინფიცირების მიზეზით არც ერთი გამოსაცდელი პირი, აბიტურიენტი, სტუდენტი, მაგისტრანტობის მაძიებელი თუ მასწავლებელი არ დარჩება გამოცდების მიღმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათ საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს ორი კვირისა.

„მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა. 2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. საქართველოს მასშტაბით გახსნილი იქნება 25 საგამოცდო ცენტრი. მათ შორის, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

2020 წლის მსგავსად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე და თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით. ამასთან, მაგიდებს შორის დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთი მეტრი.

შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ცენტრები კონდიცირების სისტემით სრულად არის აღჭურვილი და წელსაც უზრუნველყოფილია სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც ადგილზე აღენიშნებათ ტემპერატურა. 2021 წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება, დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირველ ივლისს დაიწყება.

დატოვე კომენტარი