განათლების სამინისტრო - პროფესიულ კოლეჯებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო სასწავლო გარემო
განათლების სამინისტრო - პროფესიულ კოლეჯებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო სასწავლო გარემო

საქართველოს მასშტაბით მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 მარტიდან   სტუდენტების აუდიტორიებში მისაღებად ემზადებიან, მანამდე კი პრაქტიკული სწავლება დასწრებული ფორმით, უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესის პარალელურად სამინისტრო პროფესიული სასწავლებლების მხარდამჭერ მონიტორინგს ახორციელებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ამჯერად კოლეჯ „მერმისსა“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ ეწვია. მისი შეფასებით, ორივე სასწავლებელში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტები და შექმნილია უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.

„კოლეჯი „მერმისი“ ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც ხუთი მიმართულებით ახორციელებს თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად 21 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის, ვებტექნოლოგიები, სასტუმრო მომსახურება, სამკერვალო საქმე, ელექტროობა, კულინარია, კონდიტერია, საოფისე საქმე და სხვა.

გლდანის კოლეჯი კი ძირითადად ინჟინერიის, ხელოვნების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს: ავტოსაქმე, სამკერვალო წარმოება, ბუღალტერია, აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოები, ვებპროგრამისტი, საფინანსო სერვისები, საგამომცემლო საქმის დიზაინერი, გრაფიკული და ინდუსტრიული დიზაინი, კომპიუტერული ტექნოლოგიები და სხვა.

მიმდინარე წელს კოლეჯის ტერიტორიაზე დასრულდა თანამედროვე სტანდარტების ავტოსახელოსნოს მშენებლობა, რომელიც აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური ამწეებითა და სხვა აუცილებელი დანადგარებით.

ორივე კოლეჯში სსსმ და შშმ პირებისთვის შექმნილია ადაპტირებული სასწავლო გარემო.