განათლების სამინისტრო - ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში „კოვიდ-19“-ზე სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა
განათლების სამინისტრო - ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში „კოვიდ-19“-ზე სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვლის დასაწყისიდან, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინტენსიური ტესტირების შედეგად, ორი კვირის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადადის. გარდა ამისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს. სავალდებულო ტესტირებისათვის სკოლის ადმინისტრაციამ სკოლაში დასაქმებული ყველა პირი დაარეგისტრირა ბმულზე – https://labour.moh.gov.ge, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.