განათლების სამინისტრო მუშაობს კრიტერიუმებზე, რომლითაც მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში გასარემონტებელი სკოლები შეირჩევა  
განათლების სამინისტრო მუშაობს კრიტერიუმებზე, რომლითაც მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში გასარემონტებელი სკოლები შეირჩევა  

სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა ის სკოლები, რომელთა რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხის ფარგლებში იგეგმება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კრიტერიუმების განსაზღვრა ახლა მიმდინარეობს. გეგმა მსოფლიო ბანკს შემოდგომაზე წარედგინება და შეთანხმების შემდეგ პროექტის განხორციელება დაიწყება.

„ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან. ახლა ხდება კრიტერიუმების განსაზღვრა, რის მიხედვითაც შეირჩევა სკოლები, რომლის რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს. პროექტი მოიცავს როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ასევე სხვა მიმართულებებს. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ამ გეგმაზე, რომელიც შემოდგომის დასაწყისში იქნება მსოფლიო ბანკთან წარდგენილი, შეთანხმებული და შემდგომ დაიწყება პროექტის განხორციელება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საქართველოს განათლების სფეროსთვის 90 მილიონი ევროს გამოყოფაზე მსოფლიო ბანკთან სასესხო ხელშეკრულება 18 ივნისს გაფორმდა.  აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, ახალი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დაახლოებთ 70 მილიონი ევრო დაიხარჯება.