განათლების სამინისტრო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცენტრთან ითანამშრომლებს
განათლების სამინისტრო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცენტრთან ითანამშრომლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცენტრის წარმომადგენლების ოფიციალური მიწვევით სან ფრანცისკოში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ფარგლებში შექმნილი სან-ფრანცისკოს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფორუმის ცენტრის წარმომადგენლებთან განათლების მინისტრმა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირებისა და საგანმანათლებლო სივრცეში ტექნოლოგიური მიმართულებების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სან ფრანცისკოს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფორუმის ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესებით დაინტერესდნენ. განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რაც განათლების სექტორში დაფინანსების ზრდას გულისხმობს“, – აცხადებენ საქართველოს განათლების სამინისტროში.

უწყების ცნობით, შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განათლების სფეროს მიმართულებით განსახორციელებელ გეგმებს. მხარეებმა ასევე განიხილეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში არსებული ინიციატივა – „ევრაზიის ახალი ხედვა“ (New Vision for Eurasia), რომელიც რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის ახალი პლატფორმის შექმნას გულისხმობს. თავის მხრივ, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოსთვის და მთლიანად ევრაზიისთვის ახალი ინიციატივის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.