განათლების სამინისტრო მშობლებს თხოვნით მიმართავს, სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების დროს მაქსიმალურად დაიცვან წესები
განათლების სამინისტრო მშობლებს თხოვნით მიმართავს, სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების დროს მაქსიმალურად დაიცვან წესები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება, თუმცა სასწავლო პროცესის დაწყებისას მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული წესები.

„სასწავლო წელს ვიწყებთ, ძალიან ბევრი მოსწავლე მოდის სკოლებში, მოყვებიან მშობლები და ჩვენი, განათლების სამინისტროს თხოვნაა, მაქსიმალურად იყოს დაცული ის წესები, რა წესებსაც ჯანდაცვის სამინისტრო და განთლების სამინისტრო ერთობლივად აწესებს, რათა მოვახდინოთ პრევენცია იმისთვის, რომ არ გავზარდოთ რისკი ეპიდსიტუაციის. ეს იქნება პრევენცია, მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში უფრო მეტად არ გართულდეს ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა სცენარი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

„რა თქმა უნდა, სცენარები არსებობს და ჩვენ ამის გამცდილება მივიღეთ, როდესაც გაზაფხულზე გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. გარკვეული სცენარები არსებობს, ჩვენ მივყვებით ყიველდღიურად დინამიკაში, თუ როგორი სიტუაციაა ქვეყანაში და იქიდან გამომდინარე, თუ ამის საჭიროება დადგება, ამ შემთხვევაში შევთავაზებთ გარკვეულ სცენარს, მოდელს, თუ როგორ გადავიდეთ სხვადასხვა ტიპის სწავლებაზე. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის. ვიწყებთ 15 სექტემბერს სწავლას. სიმართლე გითხრათ, განათლების სამინისტროს დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. გარდა ამისა, ამდენი ხანი მოსწავლეები სკოლაში არ ყოფილან და დიდი სურვილი გვაქვს, რომ დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, რადგან ადამიანების, მოსწავლეების სოციალიზაცია, ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.