განათლების სამინისტრო - „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა
განათლების სამინისტრო - „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა

სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლავ აქტიურად მიმდინარეობს კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება.

„სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც „პისიარ“ ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება. „კოვიდ-19“-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს. კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.