განათლების სამინისტრო GIZ-ის მხარდაჭერით პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს
განათლების სამინისტრო GIZ-ის მხარდაჭერით პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზსა და სისტემაში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება.

განათლების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროცესის მიზანია საქართველოს კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან დაახლოება, პროფესიული განათლების მოდერნიზაცია და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციების გადახედვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და დარგობრივი ასოციაციები.

კვალიფიკაციების განვითარების ახალ მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) PSD TVET SC პროგრამის ლიდერმა, სელმა ულრიხსმა პროფესიული განათლების რეფორმაში ჩართულ მხარეებთან გამართეს.

„პროფესიული განათლება მნიშვნელოვანი სეგმენტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესები იყოს გამჭვირვალე და მხარდაჭერილი ყველა დაინტერესებული მხარის მიერ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ამაყობს იმით, რომ თავისი წვლილი შეაქვს ამ პროცესში და მხარდაჭერას უწევს სამინისტროებს, გააუმჯობესონ პროცედურები და კიდევ უფრო გამჭვირვალე გახადონ“, – განაცხადა სელმა ულრიხსმა.