განათლების სამინისტრო - დეპუტატების ნაწილი ზუგდიდის სკოლის საკითხით მანიპულირებს და პოლიტიკური ზრახვებისთვის იყენებს
განათლების სამინისტრო - დეპუტატების ნაწილი ზუგდიდის სკოლის საკითხით მანიპულირებს და პოლიტიკური ზრახვებისთვის იყენებს

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დეპუტატების ნაწილს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხის პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

სამინისტროს განცხადების თანახმად, დღეს 18:00 საათზე პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში ჩანიშნული იყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, რის შესახებაც პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია.

უწყების ცნობით, სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ანგარიში ჩაებარებინა შესაბამისი კომიტეტისთვის, რისთვისაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი მოსმენაზე ანგარიშის ჩასაბარებლად გამოცხადდა.

„სამწუხაროდ, კვლავ გამოჩნდა, რომ დეპუტატების ნაწილს არ აინტერესებს საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათი მხრიდან კვლავ განმეორდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის საკითხის პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოყენება და ამ ტრაგედიით მანიპულირება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების კომიტეტის სხდომა პარლამენტში ხმაურის ფონზე წარიმართა, საბოლოოდ კი, საკითხის განხილვა გადაიდო.