განათლების სამინისტრო - ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი სკოლებში საგრძნობლად შემცირდა
განათლების სამინისტრო - ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი სკოლებში საგრძნობლად შემცირდა

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა კვირის მსგავსად, საგრძნობლად იკლო, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 2,4%-ს, ხოლო მოსწავლეების 1%-ს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, ბოლო ორი კვირაა  კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის.

„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 46 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 6-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 99-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქამდე არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.

მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება.როგორც ცნობილია, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში მასწავლებელთა ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ამასთან, უწყების ცნობით, ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“, – აცხადებენ განათლების სამინისტოში.