განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლის შერეული მოდელით განახლების შესაძლებლობასაც განიხილავს
განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლის შერეული მოდელით განახლების შესაძლებლობასაც განიხილავს

ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს, თუმცა ვმუშაობთ რამდენიმე ვერსიაზე, იქნება შერეული მოდელი, თუ სრულად განახლდება საგაკვეთილო პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა.

როგორც ეკა დგებუაძემ აღნიშნა, განათლების სამინისტრო ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის, რომ 15 სექტემბერს დაიწყოს ახალი სასწავლო წელი, რათა მოსწავლეებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება.

„სწორედ ახლა ვართ პროცესში, როდესაც ვგეგმავთ თუ რა ფორმით შევთავაზებთ მოსწავლეებს განათლებას. მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და საკლასო ოთახში განახლდეს სასწავლო პროცესში“, – განაცხადა დგებუაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ უფროსკლასელთათვის ახალი სასწავლო წელი კვლავ ონლაინ რეჟიმში განახლდეს, ხოლო დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სკოლასა და კლასებში განაგრძონ სწავლა, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ბევრ ვარიანტს განიხილავენ.

„ვერსია არის ძალიან ბევრი და ყველა სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიყოთ მზად, რომ განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. ეს იქნება შერეული მოდელი, თუ საგაკვეთილო პროცესი მთლიანად საკლასო ოთახში წარიმართება, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბრიფინგის გამართვას და მივაწვდით ინფორმაციას იმ რეგულაციებზე, რასაც შევთავაზებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ეს არის პროცესი, როდესაც განათლების სამინისტრო დამოუკიდებლად არ ვმუშაობთ. ამ პროცესში ჩართულები არიან სკოლის ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯანდაცვის სამინისტრო, როგორ დაიწყოს ახალი სასწავლო წელი“, – განაცხადა დგებუაძემ.