განათლების სამინისტრო 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს
განათლების სამინისტრო 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს.

სამინისტროს ცნობით, შენობა დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და მასში განთავსდება საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები, პირველ სართულზე არსებულ უძველეს მარანში მოეწყობა სამუზეუმო სივრცეები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან ერთად ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ესტუმრა, დაათვალიერა ისტორიული ძეგლი და გაეცნო დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტს.

„1883 წელს ილია წინამძღვრიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობით საკუთარ მამულში დააარსა პირველი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი ქართულ ენაზე, სადაც სტუდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით იყრიდნენ თავს. დაარსების დღიდან ტექნიკუმში დაიწყო ისეთი მიმართულებების სწავლება, როგორიცაა მებაღეობა, მევენახეობა, მეტყევეობა, მეაბრეშუმეობა, მეღვინეობა და მეფუტკრეობა. ტექნიკუმში სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს და ის საქართველოში პირველ და ევროპაში ერთ-ერთ უძველეს პროფესიული განათლების კერად მიიჩნევა.

საქართველოს პირველი პროფესიული სასწავლებლის ადგილზე მოქმედი ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი განავითარებს იმ პროფესიულ პროგრამებს, რომლებიც თავის დროზე ტექნიკუმის ბაზაზე ხორციელდებოდა. მიმდინარე პერიოდში კოლეჯს 17 პროფესიულ პროგრამაზე აქვს სტუდენტთა მიღება გამოცხადებული, რომელთაგან 13 სოფლის მეურნეობის პროგრამაა. აღნიშნული პროგრამებიდან 5 დუალურია, სადაც სტუდენტებს თეორიული სწავლების პარალელურად რეალურ სამუშაო გარემოში სწავლებისა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ“, –  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი