განათლების რეფორმის მოსამზადებელ პროცესში მიხეილ ბატიაშვილი რეფორმების ჯგუფს ქმნის
განათლების რეფორმის მოსამზადებელ პროცესში მიხეილ ბატიაშვილი რეფორმების ჯგუფს ქმნის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის მოსამზადებელ პროცესში რეფორმების ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე გაერთიანდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა მინისტრმა ბრიტანეთის საბჭოს დირექტორ ზაზა ფურცელაძესთან და პროექტის მენეჯერ თამარ კვაჭაძესთან გამართა.

„ბრიტანეთის საბჭო“ განათლების სისტემის რეფორმის ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება და განხილვების ყველა დონეზე მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვებიან, სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

მინისტრის თქმით, განათლების რეფორმის მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია და მისი შინაარსი ახლო მომავალში ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

„ბრიტანეთის საბჭო“ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას კულტურის და განათლების სფეროებში.