განათლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლებში“ პრეზენტაცია გაიმართა
განათლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლებში“ პრეზენტაცია გაიმართა

განათლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლებში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი პროგრამა აგრარული განათლების სასკოლო სივრცეში ინტეგრირებას ითვალისწინებს. ის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოა და მასში როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული აქტივობებია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაც, რათა სწორად მოხდეს სახელმძღვანელოში მოცემული საკითხების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 14 ოქტომბერი არის გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღე და ამ დღეს ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის, ძალიან საინტერესო სახელმძღვანელოთა ერთობლიობის პრეზენტაცია, რომელიც რვა სახელმძღვანელოს მოიცავს.

„პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის ეს არის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გადაცემის ძალიან კარგი საშუალება. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ქვეყანაში თაობა, რომელსაც სწორი შეგნება აქვს ბუნების დაცვის მიმართულებით და ასევე გარკვეული ინტერესები ექნებათ აირჩიონ აგრარული მიმართულებები მომავალ პროფესიებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, საქართველოს სკოლებში კლიმატურ ცვლილებებზე და გარემოს დაცვის საკითხებზე დისკუსიის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.

„შესაძლოა, კლიმატური ცვლილებები და გარემოს დაცვა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის მთავარ საკითხებს არ წარმოადგენს, თუმცა ვფიქრობ, დღეს ეს გლობალური მასშტაბით ყველაზე დიდი გამოწვევაა მომავალი თაობებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ინფორმაციის, ცოდნის თავმოყრა, რასაც ეძღვნება ეს ღონისძიება“, – განაცხადა ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი