განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან აბიტურიენტთა ნაწილმა გამოცდისთვის გადმოსვლა შეძლო
განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან აბიტურიენტთა ნაწილმა გამოცდისთვის გადმოსვლა შეძლო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან აბიტურიენტთა ნაწილმა გამოცდებისთვის გადმოსვლა შეძლო, თუმცა ნაწილს პრობლემები შეექმნა.

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს განათლების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცეთ.

„ჩვენი ინფორმაციით, ნაწილმა უკვე შეძლო გადმოსვლა, ნახევარი გადმოსულია. ყოველდღე ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის გამო, მოგეხსენებათ, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ მიეცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაში მონაწილეობა, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, აუცილებლად ჩაერთონ  შემდგომ გამოცდებში.

„ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა სქემით უზრუნველვყოფთ მათთვის განათლების უფლებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აბიტურიენტებს რომლებმაც დღეს ვერ მოახერხეს გამოცდაზე დარეგისტრირება, მაგრამ შეძლებენ ამას ზოგადი უნარების ან სხვა გამოცდების ფარგლებში, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა გამოცდებში“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ.