განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

20:25, 19.09.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

თამარ მახარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, განიხილა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილით მიმართა, სადაც შემჭიდროებულ ვადებშია მოთხოვნილი სკოლის შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასება. კერძოდ, რამდენად ქმნის სკოლის არსებული ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელებისათვის; რა სახის გადაუდებელი, დროებითი ან გრძელვადიანი ღონისძიებების განხორციელებაა აუცილებელი უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მოსწავლეების ალტერნატიულ სასწავლო სივრცეში გადაყვანის საკითხი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 21-ე საჯარო სკოლის მშობლებსა და მასწავლებლებს სამინისტრომ დროებით სხვა საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა. ამასთან, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დამოუკიდებელი, შესაბამისი ფართის მოძიების მიმართულებით.

თამარ მახარაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაჩქარებულად დაიწყებს იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურებს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი კვირის ბოლოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც უფრო კონკრეტულ საკითხებსა და გადაწყვეტის შესაძლო გზებზე დამატებით იმსჯელებენ.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი