განათლების მინისტრის მოადგილე პროფესიულ კოლეჯს ეწვია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის არსებულ პროგრამებს გაეცნო
განათლების მინისტრის მოადგილე პროფესიულ კოლეჯს ეწვია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის არსებულ პროგრამებს გაეცნო

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვია, შეხვდა კოლეჯის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტს და პირადად გაეცნო სსსმ სტუდენტებისთვის კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებს. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამარ ქიტიაშვილმა სპექტრში სტუმრობისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებსაც პროფესიული კოლეჯები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში მიზიდვისა და ჩართვის მიზნით ახორციელებენ.

განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დღეს საქართველოში პროფესიული განათლება თანაბრად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.

„საქართველოს პარლამენტმა 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ 2000 წელს გამოაცხადა. ამ დღის მიზანია, შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია  მიმდინარე წლის 20 მაისს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.