განათლების მინისტრის მოადგილე - მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა, საუბარია უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებაზე
განათლების მინისტრის მოადგილე - მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა, საუბარია უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებაზე

მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, დღეს განათლების სამინისტრო წარადგენს პრეზენტაციას ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე.

„დღეს განათლების სამინისტრო წარადგენს პრეზენტაციას, ხედვას და კონკრეტულ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით. იქნება აქცენტი გაკეთებული ბავშვის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე, პრევენციაზე. ასევე გვექნება საუბარი უწყებათაშორის თანამშრომლობაზე. პრეზენტაციის შემდეგ ჩვენც მოვისმენთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარებს, რაც ასევე იქნება ასახული სამომავლო დოკუმენტში.

ძირითადი მიმართულება არის მშობელთა განათლება, სკოლების გაძლიერება, არაფორმალური განათლება უსაფრთხოების მიმართულებით, დოკუმენტების გამართვა, სხვადასხვა ინსტიტუციების გაძლიერება, მანდატურის სამსახურისა და ფსიქოლოგიური სხვადასხვა სერვისების განვითარება და არსებულის გაძლიერება, ასევე საჭიროების შემთხვევაში ახალი სერვისების გაჩენაც“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

ამასთან მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კერძო სკოლებში მანდატურის შესვლის საკითხი არ განიხილება, თუმცა მოხდება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება.

„მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა, უბრალოდ დღეს აქვთ არსებული რეგულაციით კერძო სკოლებს ვალდებულება, ჰყავდეთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ სწორედ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.