განათლების მინისტრი შეხვდა აბიტურიენტებს, რომლებმაც პირველ ნომრად IBSU მიუთითეს
განათლების მინისტრი შეხვდა აბიტურიენტებს, რომლებმაც პირველ ნომრად IBSU მიუთითეს

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მისი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე იმ აბიტურიენტებს შეხვდნენ, ვისაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) გრაფაში პირველ ნომრად ქონდათ მითითებული.

ალექსანდრე თევზაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საკითხზე, თუ როგორ მოხდება აბიტურიენტების სხვა უნივერსიტეტებში ჩარიცხვა.

„სტუდენტები, რომლებიც უნდა მოხვედრილიყვნენ შავი ზღვის უნივერსიტეტში ან ევროპის უნივერსიტეტში – ეს ის ორი უნივერსიტეტია, რომელსაც ავტორიზაციის საბჭომ ერთი წლით შეუზღუდა სტუდენტების მიღება, არაგეგმური მობილობით სარგებლობას შეძლებენ. ვიმუშავებთ უნივერსიტეტებთან, რომ მათ გამოაცხადონ დამატებითი ადგილები ამ ახალგაზრდებისთვის. ვისაუბრეთ, რომელი სხვა უნივერსიტეტები აინტერესებთ და მინისტრი მათ დაპირდა, რომ ყველა ახალგაზრდის ინტერესი დაკმაყოფილდება. გვყავს აბიტურიენტების ძალიან კარგი ნაკადი, აქვთ ძალიან მაღალი ქულები ეროვნულ გამოცდებში და ვფიქრობ, ბევრ უნივერსიტეტს ექნება კონკურენცია ამ ახალგაზრდების ჩარიცხვაზე“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

აბიტურიენტები კი აცხადებენ, რომ მინისტრის დაპირება ბოლომდე არ აკმაყოფილებთ, თუმცა სხვა გზას ვერ ხედავენ. ერთ-ერთმა აბიტურიენტმა თამარ ციმაკურიძემ აღნიშნა, რომ მას გრანტთან დაკავშირებით ექნება პრობლემა.

„უკვე მქონდა შავი ზღვის უნივერსიტეტის შიდა 50 პროცენტიანი სასწავლო გრანტი მოპოვებული. საწყენია, როდესაც ხარ ოქროს მედალოსანი, ამის გამო „შავი ზღვა“ გთავაზობს ძალიან დიდ შეღავათს, უკვე მოპოვებული გაქვს 50%-იანი გრანტი და ახლა ვეღარ ხვდები შავი ზღვის უნივერსიტეტში, ვერც დაფინანსებას იღებ და სხვა უნივერსიტეტებსაც არ აქვთ ასეთი შემოთავაზება. თუმცა ამ საკითხზე დღეს მინისტრთან არ გვისაუბრია. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ თუ ჩვენ ჩვენი ქულებით სახელმწიფო გრანტს მოვიპოვებთ, ის გადაგვყვება იმ უნივერსიტეტში, რომელშიც გადავალთ, თუმცა ვკარგავთ „შავი ზღვის“ გრანტს“, – განაცხადა აბიტურიენტმა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ცნობით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ფინანსური დავალიანებების გამო შეეზღუდა.