განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფაზე კონსულტაციები მიმდინარეობს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს და რამდენიმე ვერსია განიხილება ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყების უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გაიყოფა თუ არა სამინისტრო და უწყების რომელი ნაწილი გავა ცალკე, ეს სავარაუდოდ წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

„სამინისტროს გაყოფის თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. არის რამდენიმე ვერსია, რომელიც შეეხება როგორც გაყოფას, ისე შესაძლოა,  დატოვებას. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და სავარაუდოდ შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი წლიდან. საკმაო დროა, რომ წლის ბოლომდე ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა. კონკრეტულად როგორ მოხდება, თუ მოხდა საერთოდ, ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ დრო არის იმისთვის, რომ  ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი ხედვა, რომელიც საქმეს წაადგება“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თემურ ჭკუასელმა არ გამორიცხა, რომ სამინისტროს კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხილებოდეს.