განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - საქართველოს ნაკრების რვა ერის ტურნირში მონაწილეობა ისტორიული ამბავია ქართული რაგბისა და ზოგადად, ქართული სპორტისთვის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - საქართველოს ნაკრების რვა ერის ტურნირში მონაწილეობა ისტორიული ამბავია ქართული რაგბისა და ზოგადად, ქართული სპორტისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რვა ერის ტურნირში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ინფორმაცია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილ რაგბის რვა ერის (შემოდგომის თასზე) ტურნირში ითამაშებს, დღეს ოფიციალურად დაადასტურეს ექვსი ერის ორგანიზატორებმა და შესაბამისი სიახლე ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.

„ექვსი ერის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესს საქართველოს რაგბის კავშირი აწარმოებდა, რომელსაც სრული მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოს მთავრობიდან და მსოფლიო რაგბიდან. საბოლოოდ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა და ჩვენი ეროვნული გუნდი, მსოფლიოს გრანდებთან ერთად ითამაშებს.

თავდაპირველი მონაცემებით, რვა ერში უნდა ეთამაშათ ტურნირის უცვლელ მონაწილეებს – ინგლისს, საფრანგეთს, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს, იტალიას და ორ მიწვეულ ნაკრებს – ფიჯისა და იაპონიას. მოგვიანებით, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, იაპონიის რაგბის კავშირმა უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, რამაც საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი მისცა. საქართველოს ნაკრების რვა ერის ტურნირში მონაწილეობა გახლავთ ისტორიული ამბავი ქართული რაგბისთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ხუთჯერ ითამაშა მსოფლიოს თასების ფინალურ ეტაპზე (2003, 2007, 2011, 2015, 2019) და მოახერხა ხუთი თამაშის მოგება. ერთხელ, 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მოიგო ორი მატჩი და პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება. საქართველოს ნაკრების წარმატებები პირდაპირ უკავშირდება ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს და ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიზარდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების დაფინანასება, მოთამაშეების, მსაჯების, ექიმების, გუნდის მენეჯმენტის ანაზღაურება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების და მომსახურე პერსონალის ანაზღაურება, მოსამზადებელი შეკრებების რაოდენობა და ხარისხი. ფონდი „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით თბილისში და რეგიონებში აშენდა არაერთი რაგბის მოედანი და კომპლექსი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რაგბის სწრაფად განვითარებას. ამასთან, ახალმა რაგბის ინფრასტრუქტურამ შესაძლებელი გახადა საქართველოში ისეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება, როგორიც გახლავთ ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი. 2017 წელს თბილისში და ქუთაისში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის საუკეთესო 12 ნაკრების მონაწილეობით, რომელმაც რაგბის საერთაშორისო კავშირისა და მონაწილე ნაკრებების დელეგაციების მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. აღნიშნული ტურნირის მატჩები გაიმართა ქუთაისისა და ავჭალის ახლად აშენებულ რაგბის მოედნებზე. მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებები ტურნირის მსვლელობის დროს საწვრთნელი პროცესისთვის ინტენსიურად იყენებდნენ სხვადასხვა რაგბის ბაზას, რომლები ასევე ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

დღეს  ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები 8 ერის გათამაშებაში ჩაერთვება.