განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უერთდება გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, წელს კამპანია ონლაინსივრცეში ტარდება და მისი თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.

მათივე ცნობით, კამპანიას უერთდებიან პედაგოგები, მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და გამოჩენილი სპორტსმენები. საქართველოს მასშტაბით კამპანიაში ჩაერთნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სკოლები, პროექტი ტელესკოლა, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები და კლუბები.

„უნივერსიტეტებსა და სკოლებში ჩატარდება ონლაინლექციები და გაკვეთილები ქალთა უფლებების დაცვის თემაზე, იგივე თემატიკაზე ონლაინ საჯარო ლექციებს გამართავს რამდენიმე მუზეუმი, თეატრები გამართავენ იმ სპექტაკლების ონლაინ ჩვენებას, სადაც ქალთა უფლებებზეა გამახვილებული ყურადღება, ქართველი სპორტსმენები კი ეროვნული ჩემპიონატების ფარგლებში გამართულ ყველა თამაშზე საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

სპეციალურად ამ კამპანიისთვის, სამინისტრომ მოამზადა კულტურულ ღონისძიებათა აფიშა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ღონისძიებათა განრიგი“, – ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.