მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება

11:17, 06.07.2026

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, მობილობის მსურველი სტუდენტები რეგისტრაციის გავლას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე – students.emis.ge – 8 სექტემბრის 18:00 საათამდე შეძლებენ.

მათივე ცნობით, კონკურსის მონაწილეებს რეგისტრაციის პროცესში არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მათ შეუძლიათ, განსაზღვრონ არჩეული პროგრამების პრიორიტეტულობა და საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ ან დაარედაქტირონ განაცხადში მითითებული ინფორმაცია.

„მობილობის პროცესის მოსამზადებელ ეტაპზე, 2026 წლის 17 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მობილობის წესით მისაღები სტუდენტებისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, სისტემა მობილობის კონკურსში მონაწილე პროგრამებისა და ხელმისაწვდომი ადგილების საბოლოო ჩამონათვალს გამოაქვეყნებს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მობილობის მსურველ სტუდენტებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ მობილობის პროცესის ეტაპებს, განსაზღვრულ ვადებსა და პირობებს. მობილობის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდება“, – ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციაში.

მსგავსი