განათლების კომიტეტში პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავენ
განათლების კომიტეტში პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დღეს „ევროპული საქართველო“ „პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ინიციატივას წარადგენს.

როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, კანონპროექტი უზრუნველყოფს სტატუსის მქონე წარმატებული და კომპეტენტური პედაგოგებისთვის კანონით გათვალისწინებული დანამატის სრული ოდენობის გაცემას.

„განათლების კომიტეტზე იქნება „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტის ინიციატივის განხილვა, რომელიც გულისხმობს სტატუსიანი მასწავლებლებისთვის დანამატის ყველა შემთხვევაში მიცემას. ამის გაცემა არ იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად იტყვიან უარს საათების რაოდენობაზე. დანამატი უნდა გაიცეს ყველა შემთხვევაში, თუ მასწავლებელი თვითონ არ იტყვის საათების სრულ დატვირთვაზე უარს. ეს ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს მასწავლებლები მიიღებენ თავის კუთვნილ ხელფასს, რადგან დღეს საშუალო ხელფასი არის 420 ლარი“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივის განხილვას განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. კითხვაზე – დაუჭერს თუ არა კომიტეტის თავმჯდომარე ინიციატივას მხარს, მარიამ ჯაში ამბობს, რომ საჭიროა ჯერ ​კანონპროექტის გაცნობა მოხდეს.

„განათლების სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ ნამდვილად ისტორიულ ეტაპს მასწავლებელთა როგორც ანაზღაურების, ასევე საპენსიო პედაგოგთა საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. სამინისტროს წარმომადგენელი დაგვესწრება და განვიხილავთ კოლეგებთან ერთად, რამდენად რეალისტურია ამ ცვლილებების ფონზე, დამატებითი რეგულაციების შემოტანა სისტემაში. ნებისმიერ შემთხვევაში, მასწავლებელთა ანაზღაურება და პედაგოგთა სამუშაო გარემოს ღირსეული პირობების შექმნა არის ჩვენი პრიორიტეტი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.