განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, კონკურსის შედეგების საფუძველზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა.

როგორც ცენტრიდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, თამარ მახარაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს აღმოსავლეთმცოდნეობაში და დასრულებული აქვს ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეულ ფილოლოგიაში. სხვადასხვა პერიოდში საკვალიფიკაციო და პროფესიული განვითარების პროგრამებს გადიოდა ისრაელში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა იუდაიკის კაბინეტს და არის ებრაული ენის ლექტორი. 2004 წელს ქართველი ებრაელებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო „დედა-ენა ებრაულად იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“. არის მნიშვნელოვანი პროექტების ავტორი: ისრაელში ქართული კულტურის დღეები და ტელე-მარათონები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.

თამარ მახარაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ. ასევე იკავებდა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის პოზიციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშაობდა პროექტის ხელმძღვანელად, შემდეგ კი დირექტორის მოადგილედ.