განათლების ექსპერტები აცხადებენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს
განათლების ექსპერტები აცხადებენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს. ინფორმაციას ამის შესახებ პროფესორ-მასწავლებლების მიერ შექმნილი მოძრაობა „ქართული განათლება საფრთხეშია“ ავრცელებს.

მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის მიზეზი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევაა.

ინფორმაციის თანახმად, შეფასებაში, რომელიც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

ორგანიზაციის ექსპერტების თქმით, აღნიშნული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ნიშნავს შემდეგს:

„საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე; ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;

საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს; მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე.

ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე.

ასევე, ეს ცალსახად გამოიწვევს ჩვენი უსდ-ების მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობის არსებითად შემცირებას, რაც სერიოზულ და აუნაზღაურებელ ფინანსურ ზიანს მიაყენებს უმაღლესი განათლების საჯარო და კერძო სექტორს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოძრაობა ასევე აღნიშნავს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანდა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) 2019 წელს დარეგისტრირდა. შედეგად, შესრულდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაციასთან დაკავშირებით.

„ეს იყო ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა და აღიარება რომ საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია. ექსპერტ ირინე დარჩიას შეფასებით, რეგისტრაციიდან ამოღება და წევრობის გაუქმება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევაა“, – აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების ექსპერტის, ირინე დარჩიას თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

„ENQA-ს წევრობის საკითხი გადაწყდება 10 დეკემბერს. წინასწარი დასკვნა არის კრიტიკული. ხარისხის ევროპული სტანდარტების ერთ-ერთ კომპონენტში – ცენტრის დამოუკიდებლობა – გვაქვს ასეთი შეფასება: „არ შეესაბამება სტანდარტს“, დაველოდოთ გადაწყვეტილებას“, – წერს დარჩია სოციალურ ქსელში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.