განას ნაკრების ექს-ფორვარდი 40 წლისა გარდაიცვალა

19:01, 22.08.2019

ტელეკომპანია „ბი ბი სის“ (BBC) ინფორმაციით, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა განას საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჯუნიორ აგოგო.

როგორც ირკვევა, აგოგომ ორი ინსულტი გადაიტანა – 2014 და 2015 წლებში. პირველი მოხდა სულ რაღაც ორი წლის თავზე, რაც ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა. ამ ორი ინსულტის შემდეგ, აგოგომ ბოლომდე აღდგენა ვერ მოახერხა, დაკარგა მგრძნობელობა მარჯვენა ხელში და მეტყველების პრობლემებიც შეექმნა.

თავისი კარიერის განმავლობაში, აგოგომ ძალიან ბევრი კლუბი გამოიცვალა. მარტო ინგლისში ცხრა კლუბში ითამაშა, ასევე გამოდიოდა ეგვიპტის, კვიპროსისა და შოტლანდიის ჩემპიონატებში.

განას ნაკრების რიგებში ფორვარდმა 2006-09 წლების პერიოდში 27 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. 2008 წელს, აფრიკის ეროვნებათა თასის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსგავსი