განახლებული თავისუფალი თეატრის შენობა 31 მარტს გაიხსნება
განახლებული თავისუფალი თეატრის შენობა 31 მარტს გაიხსნება

თბილისში, განახლებული თავისუფალი თეატრის შენობა,  31 მარტს საზეიმოდ გაიხსნება. როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოხდა ძველი შენობის სრული დემონტაჟი და აშენდა სრულიად ახალი, კაპიტალური, თანამედროვე სტანდარტების შენობა.

შენობაში სამი სცენა (მთავარი, მცირე და ექსპერიმენტული) და დარბაზი იქნება განთავსებული. ასევე, შენობაში განთავსდება კაფე და ბიბლიოთეკა.

ადმინისტრაციის თქმით, თეატრის გახსნის თარიღი სიმბოლურად შეირჩა რადგან, თავისუფალი თეატრი 17 წლის წინ, სწორედ 31 მარტს გაიხსნა.

თეატრში გამართული პირველი წარმოდგენა, ისევე როგორც წლების წინ, სპექტაკლი “კომედიანტები“ იქნება, თუმცა განსხვავებული შემადგენლობით. ამასთან, დაგეგმილია რამდენიმე სპექტაკლის პრემიერაც, რომელზეც შემოქმედებითი ჯგუფი უკვე მუშაობს.