საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაუფინანსდებათ
საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაუფინანსდებათ

განახლებული ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგულ და ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაუფინანსდებათ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია და შესაბამისი მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე დაესწრო.

„მისასალმებელია საქართველოში „კამპუს ფრანსისა“ და საფრანგეთის წამყვანი უნივერისიტეტების წარმომადგენლების სტუმრობა. ამ მხრივ მინდა აღვნიშნო, „კამპუს ფრანსისა” და სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც ეფუძნება 2015 წელს გაფორმებულ მემორანდუმს. მემორანდუმის მიხედვით, ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრისა და საფრანგეთის სასტიპენდიო სააგენტოს ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით საფრანგეთში გააგრძელონ სწავლა და გაიღრმავონ ცოდნა,“ – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

ღონისძიებას, რომელიც ,,ფრანგული ინსტიტუტისა’’ და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგულ-ქართული სამაგისტრო სტიპენდია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ყოველ სასწავლო წელს საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგულ და ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაუფინანსდებათ. სასტიპენდიო პროგრამა 2021 წლის ჩათვლით განხორციელდება და მის ფარგლებში ათეულობით ქართველი სტუდენტი შეძლებს საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლას. ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებიც გამოავლინეს და მათ სერტიფიკატები გადასცეს.

2019-2020 სასწავლო წელს 15 სტიპენდია გაიცემა და საქართველოს მოქალაქეებს ფრანგულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთი აკადემიური წლით დაუფინანსდებათ სწავლა. სასტიპენდიო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი.