განახლებულ „რამაზ შენგელია არენაზე“ ტესტ-მატჩი გაიმართება #1TVSPORT
ქუთაისის მთავარ სტადიონზე, განახლებულ „რამაზ შენგელია არენაზე“ ტესტ-მატჩი გაიმართება, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
განახლებულ „რამაზ შენგელია არენაზე“ პირველ მატჩს ქალთა გუნდები ჩაატარებენ. საქართველოს ქალთა ლიგის მატჩში ქუთაისის „მართვე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. გულშემატკივრებს დასასწრები ბილეთების აღება თამაშის დღეს, სტადიონის სალაროებში შეეძლებათ.
სფფ-ს ცნობით, დაპირისპირება „შენგელია არენაზე“ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში იმართება. უეფა-ს წარმომადგენლებთან ერთად სტადიონზე შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები და საოპერაციო სისტემა გამოიცდება.
ქუთაისის „რამაზ შენგელია არენა“ ერთ-ერთია, რომელიც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს. ევრო 2023 საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს კიდევ ორ ქალაქში – თბილისსა და ბათუმში ჩატარდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.