გამწვავებული ეპიდსიტუაციის გამო, ახალდაკავებული ბრალდებულებისთვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში საკარანტინო სივრცე მოეწყო
გამწვავებული ეპიდსიტუაციის გამო, ახალდაკავებული ბრალდებულებისთვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში საკარანტინო სივრცე მოეწყო

ქვეყანაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ახალდაკავებული ბრალდებულებისთვის კვლავ გახსნა საკარანტინო სივრცე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ სივრცეში თავსდებიან ის ბრალდებულები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში არიან დაკავებული, სადაც ეპიდსიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა. ასევე საკარანტინო სივრცეში მოთავსდებიან ის ბრალდებულები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ან ეპიდანამნეზი აქვთ.

„პატიმრები საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ იქნებიან გადაყვანილები ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში (N8 – გლდანის, N2 – ქუთაისი, N5 – ქალთა), სადაც ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება ხდება. დაწესებულებაშიც ასეთი პატიმრების განთავსება ხდება ასევე საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში და მხოლოდ საკარანტინო ვადის გასვლის და ვირუსზე ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის შემდეგ ხდება მათი შერევა დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან. აღსანიშნავია, რომ გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შექმნილ საკარანტინო სივრცეშიც შეზღუდულია ადგილები, რის გამოც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ამ სივრციდან პატიმრების გარკვეული რაოდენობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ეპიდსიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 მარტიდან ე.წ. მიმღები ციხეები არ იღებენ საეჭვო სიმპტომების ან ეპიდანამნეზის მქონე ახალდაკავებულ ბრალდებულებს და თავიდან ხდებოდა მათი მოთავსება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცე იყო შექმნილი. მოგვიანებით, 30 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცე მოეწყო ყოფილი N9 (ე.წ. მატროსოვის) დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელიც 1 მაისიდან გაუქმდა. 30 მაისიდან სწორედ ამ სივრცეში ხდებოდა ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება, თუმცა ამ ეტაპზე, გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოცემული სივრცე საკმარისი აღარ არის და ამიტომ კვლავ საჭირო გახდა დამატებით საკარანტინო სივრცის მოწყობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.