გამსესხებლებს მომხმარებლისგან დაგირავებული ნივთის გარდა, სხვა ქონების მოთხოვნა აეკრძალებათ - ხუთი პრინციპი ჭარბვალიანობის შესამცირებლად
გამსესხებლებს მომხმარებლისგან დაგირავებული ნივთის გარდა, სხვა ქონების მოთხოვნა აეკრძალებათ - ხუთი პრინციპი ჭარბვალიანობის შესამცირებლად

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომელიც ხუთ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს.

როგორც სხდომის შემდეგ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ხუთ პრინციპს ეფუძნება.

„საქართველოს მოსახლეობას შევპირდით, რომ საბანკო-საფინანსო სექტორში დავამკვიდრებდით ახალ,  სამართლიანი თამაშის წესებს. დღეს წარმოგიდგენთ ძირითად ხუთ პრინციპს, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ინიციატივა:

ყველა გამსესხებელს აეკრძალება მომხმარებლისგან დაგირავებული ნივთის გარდა, სხვა ქონება მოითხოვოს;

ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს – ე.წ. მევახშეებს ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება;

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება 50 პროცენტის ოდენობით, რომელიც ორჯერ ნაკლებია ვიდრე დღეს არსებული 100 პროცენტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მეოთხე პრინციპის თანახმად, „დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემა“ გაუქმდება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი კი, მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული თამაშის წესები გავრცელდება ყველაზე, მთელ ფინანსურ სექტორზე. აქ იგულისხმებიან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები თუ კერძო გამსესხებლები, ყველა, ვინც არის დაკავებული ფინანსური საქმიანობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს მაქსიმალური გამჭვირვალობის შეტანას საფინანსო სექტორში.

როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ლომბარდებს მიეცემათ გონივრული ვადა, რომ საქმიანობა დახვეწონ, განავითარონ და შექმნან ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც აღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი, რათა მისივე თქმით, გამოირიცხოს კრიმინალური მომენტების ალბათობა.

ამასთან, მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის მიმართ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, 29 მაისს პრეზენტაციას გეგმავს, სადაც ჩამოთვლილ პრინციპებზე დეტალურად ისაუბრებს.

 

დატოვე კომენტარი