გამონაკლისის სახით, გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს 23:00-დან 04:00 საათამდე იმოქმედებს
გამონაკლისის სახით, გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს 23:00-დან 04:00 საათამდე იმოქმედებს

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, დღეს, პირველ მაისს 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ გამოიტანა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით.

„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკით, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს. შესაბამისად, სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2-დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ღიბრაძის თქმით, ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და აღნიშნულის პრევენციის მიზნით, დაწესდა აკრძალვა. 4 მაისის შემდგომ დღეებში კი, ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ, გავიდნენ საფლავზე.

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც, საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

დატოვე კომენტარი