გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ვინაობა დაადგინეს
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ვინაობა დაადგინეს

ჟურნალისტებმა ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ვინაობა დაადგინეს.

როგორ გამოცემა „ინსაიდერი“, „შპიგელი“ და „ბელიგქათი“ იუწყება, ეს 54 წლის ვადიმ კრასიკოვია, რომელიც სავარაუდოდ, დაკავშირებულია რუსეთის მთავრობასთან. შესაბამისი ინფორმაცია სამი გამოცემის მიერ ერთობლივად ჩატარებულ გამოძიების მასალებშია მოცემული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

როგორც იუწყებიან, კრასიკოვი რუსეთში მკვლელობისთვის იძებნებოდა. კერძოდ, როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ კრასიკოვმა ყაბარდო-ბალყარელი ბიზნესმენი ალბერტ ნაზაროვი მოკლა.

ამასთან, გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამჟამად კრასიკოვის მონაცემების პოვნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზაში ვერ ხერხდება. რეპორტიორები ეჭვობენ, რომ მისი მონაცემები განზრახ წაშალეს, რაც მათივე თქმით, ამტკიცებს კრასიკოვის რუსეთის ოფიციალურ ორგანოებთან კავშირს.

ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ გერმანიამ კრასიკოვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება რუსეთს მოსთხოვა, თუმცა მოსკოვმა ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა.

გამომძიებელი რეპორტიორებს კრასიკოვის ვინაობის დადგენაში „ინტერპოლის“ არქივში მოძიებული ფოტო დაეხმარათ.

როგორც „ინსაიდერი“ იუწყება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის იდენტიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მათი გამოძიების შემდეგ ნაწილში გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.