გამომძიებელი - ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგადაც დადგა გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა
გამომძიებელი - ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგადაც დადგა გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა

2010-2013 წლებში გიგა ბოკერია იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად, გამოძიებას აქვს კითხვები მის მიმართ, ამავე პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საქმის გამომძიებელმა, ბექა კვიციანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ბოკერიას დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა.

ბექა კვიციანმა აღნიშნა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის დამატებითი გამოკითხვის საჭიროება საქმეზე ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა განაპირობა. გამომძიებელმა ბექა კვიციანმა ასევე განმარტა, რომ რადგან საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, იგი საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგადაც დადგა გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა. სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, შესაბამისად, შეზღუდულები ვართ შესაძლებლობის მხრივ და საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და რამდენიმე წელია მიმდინარეობს გამოძიება, დადგა გიგა ბოკერიას დამატებით გამოკითხვის საჭიროება და შესაბამისად, მას დაესმება კითხვები“,- განაცხადა გამომძიებელმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება. ​პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.