გამომძიებელი - ახალ, დამატებით შეკითხვებზე გამოძიებამ გიგა ბოკერიასგან პასუხები ვერ მიიღო
გამომძიებელი - ახალ, დამატებით შეკითხვებზე გამოძიებამ გიგა ბოკერიასგან პასუხები ვერ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას დაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, რომ არაერთი დამატებითი კითხვის მიუხედავად, გამოძიებამ პასუხები ვერ მიიღო.

„საქმისთვის მინიჭებული გრიფის გამო, კითხვებსა და მათ შინაარსზე ვერაფერს მოგახსენებთ. უამრავი კითხვა ჰქონდა გამოძიებას გიგა ბოკერიას მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, მისგან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ, რადგან მან ზოგადი ფრაზებით ისაუბრა“,-განაცხადა კვიციანმა.

გამომძიებელმა ასევე განმარტა, რომ რადგან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე გიგა ბოკერია ერთხელ უკვე იყო გამოკითხული, მას გამოძიებამ ახალი კითხვები დაუსვა, რადგან დამატებითი დაკითხვისას ძველი გამოკითხვის დროს არსებული შეკითხვები არ მეორდება.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.