გამოკითხვის თანახმად, დანიაში 46% აშშ-ს დანიისთვის საფრთხედ მიიჩნევს, 78% ეწინააღმდეგება გრენლანდიის აშშ-ისთვის მიყიდვას, 72%-ის აზრით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გრენლანდიამ და არა დანიამ
ახალი გამოკითხვის თანახმად, დანიელების თითქმის ნახევარი აშშ-ს თავიანთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევს, ხოლო უმრავლესობა გრენლანდიის აშშ-ის შემადგენლობაში გადასვლას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
კერძოდ, დანიაში 15-დან 22 იანვრამდე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 46% ამერიკის შეერთებულ შტატებს დანიისთვის „ძალიან დიდ საფრთხედ“ ან „საკმაოდ დიდ საფრთხედ“ მიიჩნევს, გამოკითხულთა 78% ეწინააღმდეგება გრენლანდიის აშშ-ისთვის მიყიდვას, თუმცა, 72%-ის აზრით, საბოლოო გადაწყვეტილება გრენლანდიამ უნდა მიიღოს და არა დანიამ.
არქტიკული კუნძული, რომლის მოსახლეობაც 57 000 ადამიანს შეადგენს, დანიის კოლონიას წარმოადგენდა, რომელიც დღემდე აკონტროლებს მის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.