გამოფენა „ფიროსმანი და ზდანევიჩები“ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 15 აპრილს გაიხსნება
გამოფენა „ფიროსმანი და ზდანევიჩები“ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 15 აპრილს გაიხსნება

გამოფენა „ფიროსმანი და ზდანევიჩები“ წინანდალის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 15 აპრილს გაიხსნება.

ექსპოზიცია წარმოადგენს ქართული კულტურის სამ პერსონას, ნიკო ფიროსმანს, კირილე და ილია ზდანევიჩებს, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება მოცულია ფიროსმანის სამყაროთი და ემოციური ინტონაციით.

გამოფენაზე წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანის „ნატურმორტი შაქრის თავით“, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმიდან, კირილე ზდანევიჩის ფერადი გრაფიკა – კერძო კოლექციებიდან /ბაია გალერეა და ილია ზდანევიჩის პუბლიკაციები კერძო კოლექციიდან.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით, საუკუნის დასაწყისში დაწყებული ურთიერთობა, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის, წინანდლის გამოფენაზე გრძელდება. ზდანევიჩების არქივში, პუბლიკაციებში თუ ნახატებში, ყველგან ფიგურირებს ფიროსმანი. მისი სამყაროთი, თემებით, განცდით სავსეა ორივე ძმის შემოქმედება, ამ გამოფენაზეც საბჭოთა საქართველოს სახეცვლილ გარემოში – კირილეს ნახატებში და საფრანგეთში ემიგრირებულ ილიას პუბლიკაციებშიც. პარიზშიც გრძელდება ილიასა და ფიროსმანის უხილავი თანაარსებობა, იმდენად, რომ ილიაზდის გავლენით, პიკასო ხატავს მის პორტრეტს, ილიაზდის პუბლიკაციისათვის „ფიროსმანი. 1914 წელი“.