გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ოლიმპიადის მონაწილე მსოფლიოს 10 ყველაზე ძებნილ დამნაშავეს შორის შეიყვანა #1TVSPORT
ყოფილი კანადელი სნოუბორდისტი და ოლიმპიური თამაშების მონაწილე რაიან უედინგი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მსოფლიოს 10 ყველაზე ძებნილ დამნაშავეს შორის შეიყვანა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც უედინგის დაკავებაში დაეხმარება.
რაიან უედინგი სოლტ ლეიკ სიტის 2002 წლის ოლიმპიადაზე პარალელურ გიგანტურ სლალომში გამოდიოდა და 24-ე ადგილი დაიკავა.
43 წლის მამაკაცი იძებნება ტრანსნაციონალური ნარკოქსელის ორგანიზებისთვის, რომლის მეშვეობითაც მას რეგულარულად გადაჰქონდა ასობით კილოგრამი კოკაინი კოლუმბიიდან კანადასა და აშშ-ში, აგრეთვე მრავალი ადამიანის მკვლელობისთვის.
„უედინგმა გაიარა გზა ოლიმპიადიდან კოკაინის გასაღებამდე. მისი კონკურენტების სავარაუდო მკვლელობები უედინგს ძალიან სახიფათო ადამიანად აქცევს“, – განაცხადა ლოს ანჯელესში გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ, აკილ დევისმა.