გამოძიებამ ევროპაში რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების უკან მდგარი „ერთჯერადი აგენტების“ ქსელი გამოააშკარავა

12:00, 14.09.2026
სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ლიეტუვაში, კომპანია TVC Solutions-ზე თავდასხმისას / ფოტო: ლიეტუვის პროკურატურა

სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ლიეტუვაში, კომპანია TVC Solutions-ზე თავდასხმისას / ფოტო: ლიეტუვის პროკურატურა

2024 წლის მაისიდან სექტემბრამდე ევროპის ოთხ ქვეყანაში დაგეგმილმა თუ განხორციელებულმა დივერსიულმა თავდასხმებმა მთელი კონტინენტი შეძრა. ხანძრები გააჩინეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეპოებში, სამშენებლო მასალების საწყობებსა და სამაუწყებლო ტექნიკის საწარმოებში ჩეხეთში, პოლონეთსა და ლიეტუვაში. სამართალდამცავების ცნობით, რუმინეთში დაგეგმილი თავდასხმები პოლიციამ ჯერ კიდევ მზადების ეტაპზე აღკვეთა. საგამოძიებო ორგანოებს მიაჩნიათ, რომ ეს ოპერაციები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული, შიშის დათესვისა და უკრაინისადმი მხარდაჭერის შეფერხების მიზნით. თავდამსხმელები, რომლებიც ძირითადად კოლუმბიის, კუბისა და ესპანეთის მოქალაქეები არიან, რუსეთში მცხოვრები პირისგან იღებდნენ მითითებებს, რომელიც ფსევდონიმებით — „დიოსით“ (Dios) ან „ადრიანით“ (Adrian) ოპერირებდა.

ლიეტუვის, რუმინეთისა და პოლონეთის სასამართლო დოკუმენტები და წყაროები მიუთითებენ ამ ფსევდონიმების უკან მდგომ პირზე, რომელიც ყველა ამ ქვეყანაში დაგეგმილ დივერსიასთან იყო დაკავშირებული: ეს არის ოემის რომაგოსა დურუთი (Oemis Romagoza Durruthy) — კუბისა და რუსეთის მოქალაქე, სალსას ინსტრუქტორი, რომელიც რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში ცხოვრობს.

ლიეტუვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს უფროსის მოადგილე საულიუს ბრინასი ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე ემის რომაგოსა დურუთის ფოტოს აჩვენებს. იანვარი, 2026 წელი / ფოტო: LRT

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ის კოორდინატორი იყო და არა თავდასხმების უშუალო ორგანიზატორი. „დადგინდა, რომ ეს ჯგუფი დაკავშირებული იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან და, რა თქმა უნდა, GRU-სთან“, — აცხადებს ლიეტუვის გენერალური პროკურორის მოადგილე არტურას ურბელისი. GRU რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურია.

კადრი ემის რომაგოსა დურუთისთან დაკავშირებული სოციალური ქსელიდან — ის რუსეთში, თავის სალსას აკადემიაში ცეკვავს / ფოტო: Eurovision News

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელის ეგიდით ჩატარებულმა გამოძიებამ — რომელშიც DW (გერმანია), LRT (ლიეტუვა), RTVE (ესპანეთი) და CT (ჩეხეთი) მონაწილეობდნენ — გამოააშკარავა, როგორ ხდებოდა ამ აგენტების გადაბირება, ევროპაში ჩამოყვანა და მათთვის სამიზნეების დაკისრება GRU-ს ბრძანებით. სასამართლო დოკუმენტების, სოციალური ქსელების პოსტებისა და ამ „ერთჯერად აგენტებთან“ დაახლოებულ პირებსა თუ ექსპერტებთან ინტერვიუების საფუძველზე, რეპორტიორებმა აღადგინეს ამ ოპერატივების ორგანიზების სქემა და კურატორის მიერ მოქმედებათა კოორდინაციის გზები.

„მიმაჩნია, რომ [თავდასხმების მიზანი] ქაოსისა და პარანოიის დათესვაა“, — აცხადებს დიდ ბრიტანეთში მომუშავე მკვლევარი დანიელა რიხტეროვა, რომელიც რუსულ სამხედრო სტრატეგიას სწავლობს. რიხტეროვას თქმით, დივერსიების მიზანი მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება არ არის; მთავარი მოსახლეობაში შიშისა და ქაოსის დათესვაა, რათა ხალხმა „ეჭვქვეშ დააყენოს, რამდენად შესწევს უნარი მათ მთავრობებსა და სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ საზოგადოებრივი უსაფრთხოება“.

ლიეტუვაში უცხოური დაზვერვის დავალებით დივერსიის განხორციელების ბრალდებით სასამართლოს წინაშე შვიდი ადამიანი დგას. კიდევ ერთი პირი საერთაშორისო ორდერის საფუძველზე პანამაში დააკავეს. ლათინოამერიკული წარმომავლობის კიდევ ორი პირი რუმინეთსა და ჩეხეთში დააკავეს და გასამართლეს.

თუმცა მათი კურატორი, კუბელი ცეკვის ინსტრუქტორი, სავარაუდოდ, კვლავ თავისუფლად გადაადგილდება რუსეთში — 2026 წლის გაზაფხულზე ის სოციალურ ქსელებშიც აქტიურობდა.

EBU-ს გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელის წინა გამოძიებამ გამოავლინა, რომ რუსეთი სოციალურ ქსელებში გადაბირებულ „ერთჯერად აგენტებს“ იყენებდა ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ კიბერშეტევების, ხანძრების გაჩენის, ვანდალიზმის, დივერსიებისა და არჩევნებზე გავლენის მოპოვების კამპანიებისთვის. ექსპერტების შეფასებით, სწორედ ასეთი დივერსანტები — ძირითადად გამოუცდელი მოყვარულები — აწარმოებენ რუსეთის ჰიბრიდულ ომს ევროპაში. სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი დაბალი რანგის შემსრულებლები გამოიყენა რუსეთმა 2026 წლის აგვისტოში გერმანიაში, ლაიპციგის აეროპორტში განხორციელებულ თავდასხმებსა და პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სკარჟისკო-კამიენას დრონების ქარხანაში მომხდარ ინციდენტში.

ყოფილი ჯარისკაცი კოლუმბიიდან და „დიოსის“ შეთავაზება

ლუის ალფონსო მურილიო დიოსა კოლუმბიის დასავლეთით, მთიან რეგიონში გაიზარდა. ოჯახი სამი თაობის განმავლობაში ყავის მოყვანით იყო დაკავებული, თუმცა ბოლო წლებში ვალებში ჩაეფლო. 34 წლის მურილიო წარსულში სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა და მუშაობას ოჯახურ ბიზნესსა და დაცვის სფეროს შორის ანაწილებდა. 2024 წელს მან გამოაქვეყნა განცხადება Facebook ჯგუფში, რომელიც ლათინოამერიკელებისთვის უკრაინის არმიაში გაწევრიანების გზებს ეძებდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ფრონტზე ხანმოკლე სამსახურით ფულს იშოვიდა.

„ჩვენ ვართ კოლუმბიის დიდებული არმიის თადარიგის სპეცრაზმელთა ჯგუფი. გვსურს ვიცოდეთ, რისი გამომუშავებაა შესაძლებელი და გვეხმარებიან თუ არა მგზავრობის ხარჯებისა და სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში“, — წერდა ის.

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის უცხოურ ბატალიონებს კოლუმბიელთა დიდი ნაკადი შეუერთდა.

„თქვენ წინაშეა პოტენციურ დაქირავებულთა დიდი ჯგუფი, რომლებსაც გამოცდილება, კარგი მომზადება და ისეთი უნარები აქვთ, რაც ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტში გამოსადეგია“, — განმარტავს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის დაქირავებულთა საკითხების ექსპერტი სორჩა მაკლეოდი. „როდესაც ვინმე დიდ თანხას გთავაზობს იმ უნარების გამოსაყენებლად, რასაც 10-20 წელი ავარჯიშებდი, რათა ოჯახი გამოკვებო, ეს ძალიან მიმზიდველი წინადადებაა“.

Facebook-ჯგუფი ესპანურენოვანი პირებისთვის, რომლებსაც „უკრაინის მხარდასაჭერად მოხალისედ წასვლა“ სურთ / ფოტო: Eurovision News

თუმცა, მაკლეოდის თქმით, ამ ვეტერანებით შესაძლოა სხვა მიზნების მქონე გადამბირებლებმა ისარგებლონ. ვალებში ჩაფლულმა ყოფილმა ფერმერმა, მურილიომ, სწორედ ასეთი შეთავაზება მიიღო. თუმცა ეს შეთავაზება უკრაინის არმიიდან კი არა, პირისგან მოვიდა, რომელიც ფსევდონიმ „დიოსს“ (Dios) იყენებდა.

ვინ არის კუბელი სალსას ინსტრუქტორი?

„დიოსი“, იგივე ოემის რომაგოსა დურუთი, წარმოშობით კუბის ქალაქ კამაგუეიდანაა, თუმცა პეტროზავოდსკში — ფინეთის საზღვართან მდებარე რუსეთის რეგიონის, კარელიის დედაქალაქში ცხოვრობს. ის პროფესიონალი მოცეკვავე და სალსასა და ბაჩატას ინსტრუქტორია, რომელმაც რუს ცოლთან ერთად ცეკვის პატარა სტუდია გახსნა. გაჟონილი მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წელს მას ფინანსური პრობლემები შეექმნა და რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაშიც მოხვდა. ერთ-ერთი ბაზის მიხედვით, ის სუპერმარკეტების ქსელის თანამშრომლად ფიქსირდება.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაიწყო მან რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. 2024 წლის მარტში ის შეუერთდა რამდენიმე Facebook ჯგუფს ლათინოამერიკელებისთვის, რომლებიც ევროპაში სამუშაოს ან უკრაინაში ბრძოლის შესაძლებლობას ეძებდნენ. მასთან დაკავშირებულ Telegram ანგარიშზეც იბეჭდებოდა ვაკანსიები.

ემის რომაგოსა დურუთი ცეკვავს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში / ფოტო: Eurovision News

„’დიოსმა’ თავისთან მუშაობა შემომთავაზა და მითხრა, უკრაინაში არ წავსულიყავი. როცა ვკითხე, რა საქმეზე იყო საუბარი, მან მიპასუხა, რომ სპეციალური ჯგუფის წევრი იყო“, — განაცხადა მურილიომ სასამართლო დოკუმენტების თანახმად.

შეთავაზებაზე დათანხმების შემდეგ მურილიო ევროპაში გაემგზავრა და 28-საათიანი მგზავრობის შემდეგ რუმინეთში, ბუქარესტში ჩაფრინდა. „დიოსმა“ მას ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშანი და ტაქსით გადაადგილება უზრუნველყო. სასტუმროში დაბინავების შემდეგ, „დიოსმა“ მას დავალება გაანდო: მურილიოს რუმინული გადამუშავებელი კომპანიისა და ნავთობის ჭაბურღილისთვის ფოტოები უნდა გადაეღო.

რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას სამხედრო ტექნიკის მიწოდებითა და სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შესრულებით, რაც მას რუსეთის სამიზნედ აქცევს. უცნობია, იცოდა თუ არა მურილიომ, ვისთვის მუშაობდა სინამდვილეში, თუმცა ის „დიოსთან“ ხანძრის გასაჩენად საჭირო აღჭურვილობის შეძენას განიხილავდა. რუმინეთის პოლიციამ ის დივერსიის განხორციელებამდე დააკავა.

„რუსეთი სრულიად განურჩევლად იყენებს ყველას, ვისი ჩათრევაც ამ კამპანიებში შეუძლია — იქნება ეს პირი, რომელმაც იცის, რომ რუსეთისთვის მუშაობს, თუ ის, ვისაც ეს გააზრებულიც არ აქვს. მათთვის მხილება არანაირ რისკს არ წარმოადგენს“, — აცხადებს ჩეთემ ჰაუსის (Chatham House) რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის მკვლევარი და სამხედრო ექსპერტი კირ ჯაილსი. „ეს, რა თქმა უნდა, ამყარებს მითს რუსეთის ყოვლისშემძლეობის შესახებ — თითქოს მას ზიანის მიყენება ნებისმიერ ადგილას შეუძლია“.

დივერსიული ჯაჭვი ევროპის მასშტაბით

მურილიო ერთადერთი ლათინოამერიკელი არ ყოფილა, რომელიც „დიოსმა“ გადაიბირა. 2024 წლის მაისში მისმა კიდევ ერთმა აგენტმა ვარშავასთან ახლოს სამშენებლო მასალების საწყობში პანელების პარტიას ცეცხლი წაუკიდა, ხოლო ერთი თვის შემდეგ იგივე განახორციელა ქალაქ რადომში, პოლონეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 100 კილომეტრში. პოლონეთის პოლიციამ დამნაშავის ვინაობა დაადგინა — ეს იყო 26 წლის ანდრეს დე ლა ჰოს დე ლა კრუსი კოლუმბიის ჩრდილოეთიდან. რამდენიმე დღის შემდეგ ის ჩეხეთში, პრაღაში დააკავეს, სადაც ავტობუსების დეპოს გადაწვას ცდილობდა.

ანდრეს დე ლა ჰოს დე ლა კრუსი სამხედრო ფორმაში, კოლუმბიის დროშის გვერდით / ფოტო: Eurovision News

„თავდაპირველად დამკვეთმა მას სხვადასხვა ობიექტის გადაღება დაავალა. იმ დროს მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ამ დავალებების შესრულებით რუსეთის სპეცსამსახურებისთვის დაიწყებდა მუშაობას“, — განმარტა პოლონეთის სპეცსამსახურების სპიკერმა იაცეკ დობჟინსკიმ. „პირველი დავალების შესრულების შემდეგ ის მომდევნო დავალებებსაც ასრულებს — ფულის სანაცვლოდ ან შანტაჟის ქვეშ“.

„ძალიან ვწუხვარ“, — განუცხადა მოგვიანებით კოლუმბიელმა ჟურნალისტებს.

დე ლა ჰოსისა და მურილიოს დაკავების შემდეგ „დიოსმა“ ახალი აგენტი დაიქირავა. ეს იყო 20 წლის კოლუმბიელი გონსალო რ., რომელიც რუსეთში გაიზარდა და ლიეტუვაში ავტობუსით ჩავიდა. მას ლიეტუვური კომპანიის, TVC Solutions-ის ფოტოების გადაღება დაევალა. ამ კომპანიას უკრაინის არმიისთვის სპეციალური შეკვეთა ჰქონდა — მისაბმელები, რომლებზეც რადიოსიგნალების ანალიზისა და მტრის დრონების დაფიქსირების აღჭურვილობა იყო განთავსებული.

„მოგვატყუეს. მათ ჩემი შვილის გულუბრყვილობით ისარგებლეს“, — განუცხადა მოგვიანებით მისმა დედამ ჟურნალისტებს.

ესპანეთის პოლიცია „დიოსის“ მიერ მართული ქსელის წევრს, ემის რომაგოსა დურუთის აკავებს / ფოტო: ესპანეთის ეროვნული პოლიცია

იმავე ოპერაციის ფარგლებში „დიოსმა“ ასევე დაიქირავა კუბისა და ესპანეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 59 წლის ქალი იმავე კომპანიის დამატებითი ფოტოების გადასაღებად. მოგვიანებით კი მან ესპანური პასპორტების მქონე ორი მამაკაცი გააგზავნა უკრაინისთვის განკუთვნილი მობილური დანადგარების ცეცხლის წასაკიდებლად.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მათ დავალება ვერ შეასრულეს — შენობის სიახლოვეს ხალხისა და საპატრულო მანქანის დანახვის შემდეგ ისინი ტერიტორიიდან გაიქცნენ. ლიეტუვადან გაქცევის შემდეგ ისინი რიგაში დააკავეს. მოგვიანებით, შვეიცარიიდან თვითმფრინავით ჩაფრინდნენ ესპანეთში მცხოვრები ახალგაზრდა ბელარუსი და რუსეთის მოქალაქე. ისინიც „დიოსისგან“ იღებდნენ მითითებებს და TVC Solutions-ში ცეცხლის გაჩენაც შეძლეს, თუმცა კომპანიას სერიოზული ზიანი არ მიდგომია.

მრავალეროვნული გამოძიება და აღიარებული დანაშაული

ლიეტუველმა პროკურორებმა დაადგინეს, რომ ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (GRU) იყვნენ დაკავშირებულნი და უცხოური სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედების ბრალდება წაუყენეს.

„ეს თავდასხმები რუსეთის დაზვერვის ოფიცრებმა ორგანიზებულად, რთული და მრავალდონიანი სისტემის მეშვეობით განახორციელეს“, — განაცხადა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა არტურას ურბელისმა.

რომაგოსას მოქმედებებს სერიოზული მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია, თუმცა ორი წლის შემდეგაც ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავები კვლავ ამ საქმეზე მუშაობენ.

„თქვენ აწყდებით შემთხვევას, როცა ერთი ეროვნების პირები მოქმედებენ სხვა ქვეყანაში, ხშირად ცხოვრობენ მესამე ქვეყანაში და მითითებებს იღებენ მეოთხე ქვეყნიდან“, — აცხადებს ესპანელი გამომძიებელი. „ეს ნიშნავს, რომ საქმე გაქვთ ოთხი თუ ხუთი სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან ოთხ-ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც არცერთ ცალკეულ სპეცსამსახურს არ გააჩნია სრული ინფორმაცია“. ხოლო მათ, ვინც „დიოსმა“ რუსეთის შეთქმულებაში ჩაითრია, მძიმე შედეგებთან გამკალვება წლების განმავლობაში მოუწევთ.

„აქ იმისთვის მოვედი, რომ დანაშაული ვაღიარო. დანაშაულის გრძნობა მწვავს იმის გამო, რომ ჩემი ოჯახის სახელი შევბღალე და დავჯერდი იმას, რის შესახებაც ოჯახი ყოველთვის მაფრთხილებდა“, — განუცხადა 26 წლის ანდრეს დე ლა ჰოს დე ლა კრუსმა ჟურნალისტებს. „დამნაშავე ვარ მათ წინაშე, რომ იმედები გავუცრუე. კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ დანაშაულს იმის გამო, რომ ჩემი ორი შვილის გაზრდას ვერ ვნახავ“.

 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი: მათიას ბოლინგერი (DW), ხულეტ პინედა (DW), ანა ჩაიკა (DW), პილარ რეკენა (RTVE), ბელენ ლოპეს გარიდო (EBU), ინდრე მაკარაიტიტე (LRT), ადელა პაცლიკოვა (CT).

კოორდინაცია: ევროპის მაუწყებელთა კავშირის გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელი (EBU Investigative Journalism Network.).

მსგავსი