გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დადგინდა, რომ დაკავებულებმა 26 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვის მიზნით, სოფელ ართანაში მცხოვრებ პირს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.