გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ გორში ერთი პირი დააკავა
გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ გორში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1993 წელს დაბადებული ლ.მ., გამოძალვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა.

„ქალმა ლ.მ.-ს საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამის შემდეგ, ლ.მ. ქალს მათი მიმოწერისა და აღნიშნული ფოტოვიდეომასალის არგასაჯაროების სანაცვლოდ, აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებგვერდის საკუთარ ანგარიშზე, გამოძალვის გზით, ფულს სისტემატურად არიცხინებდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.