გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ პენტაგონს უწყებაში შემოღებული მუშაობის ახალი წესების გამო სასამართლოში უჩივის
გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ პენტაგონს სასამართლოში უჩივის მედიის წარმომადგენლებისთვის უწყებაში მუშაობის ახალი წესების გამო, რომელიც, მათი თქმით, აშშ-ის კონსტიტუციას არღვევს. კერძოდ კი, ირღვევა კონსტიტუციის პირველი შესწორება, რომელიც მედიის თავისუფლებას უზრუნველყოფს.
თავდაცვის დეპარტამენტი კი ოქტომბერში შემოღებულ შიდა წესებს ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმად ხსნის.
აღნიშნული წესები კორესპონდენტისგან მოითხოვს, ხელი მოაწეროს 21-გვერდიან დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ისეთ შეზღუდვებს, როგორებიცაა წყაროსთან ურთიერთობა ან ინფორმაციის გამოთხოვა.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ განმარტავს, ამით თავდაცვის უწყებას სურს მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც შიშისა და მიკერძოების გარეშე შეისწავლიან და შემდეგ ჰყვებიან ინფორმაციას პენტაგონისა და მისი ხელმძღვანელობის საქმიანობაზე, მიუწვდომელი გახდეს ის სფეროები, რომლებიც ისტორიულად პრესისთვის ღია იყო.
ოქტომბერში შემოღებული ახალი წესების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა უარი თქვეს ამ პირობებში მუშაობაზე და პენტაგონის მიერ გაცემული აკრედიტაციები უწყებას დაუბრუნეს.